თუ ჯერ კიდევ მხოლოდ ფიქრის დონეზე ხართ და მხოლოდ გსურთ ელ. კომერციის გაკეთება, გთავაზობთ რამდენიმე მიმართულებას, თუ სად შეგიძლიათ, იპოვოთ ბიზნეს იდეები. ინტერნეტში ნავიგაციის დროს ათასი იდეა დაგებადებათ და ათასჯერ გაიფიქრებთ, ამის გაკეთება მეც ხომ შემიძლიაო, თუმცა, მთავარი არის მიდგომა! როგორ უნდა შეარჩიოთ ამ ათასი იდეიდან საუკეთესო? პირველ რიგში, საჭიროა არა მხოლოდ ინტერნეტში ნავიგაცია, არამედ ბიზნეს იდეების მიზანმიმართული ძიება. გთავაზობთ რამოდენიმე მიმართულებას, რითაც შეძლებთ ახალი იდეების გენერირებას, ესენია:
დაიწყეთ იმით, რაც უკვე გაქვთ.
რა პროდუქტი, ნიშა, ინდუსტრია არის თქვენთან ყველაზე ახლოს, რაც გიყვართ, რასაც პრაქტიკულად იყენებთ, სადაც გქონიათ გარკვეული პრობლემები და მოგიგვარებიათ, სადაც ყველაზე დიდი გამოცდილება გაქვთ, თუნდაც მომხმარებლის პერსპექტივიდან? ამ მიართულებით ფიქრის დროს ყველაზე ადვილად შეძლებთ, აღმოაჩინოთ პრობლემები, რაც არსებობს და ამავდროულად, ყველაზე მარტივად შეძლებთ, მოიფიქროთ გადაჭრის გზები!
რას იტყვით თქვენს ლოკალურ გარემოზე?
ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ გჭირდებათ გარკვეულ იდეებზე ფიქრი, რადგან ის უკვე თქვენს გარშემოა. დაკვირდით თქვენს გარშემო ხალხს, პროცესებს, წაიკითხეთ ადგილობრივი მაღაზიები, მიჰყევით ტრენდულ საკითხებს და აღმოაჩენთ, რომ ასობით იდეიდან მხოლოდ თქვენთვის საყვარელი და თქვენ მიერ გაკეთებადი იდეის შერჩევა და ელ. კომერციის პლატფორმის მიბმა იქნება მხოლოდ საჭირო. ამით თქვენ გადადგამთ თქვენს პირველ ნაბიჯს და შემდეგ უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად განვითარდებით და აღმოაჩენთ ახალ-ახალ შესაძლებლობებს.
ინდუსტრიის ლიდერები არ დაგავიწყდეთ!
თუ თქვენ უკვე იფიქრეთ და აღმოაჩინეთ თქვენთვის ყველაზე საყვარელი და ნაცნობი ინდუსტრია, შეისწავლეთ არსებული ლიდერი კომპანიების პროდუქცია/სერვისი და სცადეთ, შეავსოთ ბაზარზე არსებული სიცარიელე. ხშირ შემთხვევაში აღმოაჩენთ, რომ ინდუსტრიის ლიდერები თქვენს ლოკალურ ბაზარზე არ არიან წარდგენილები, ან სრულ სეგმენტს არ ფარავენ და არსებობს გარკვეული სიცარიელე, რომლის შევსებაც თქვენ შეგიძლიათ. იფიქრეთ ამ მიმართულებით და არ დაგავიწყდეთ, რომ პარტნიორობა ხშირ შემთხვევაში მშვენიერი გამოსავალია ახალი ბიზნესის დასაწყებად.
B2B პლატფორმების დათვალიერება
არსებობს ბევრი გლობალური პლატფორმა, სადაც ბიზნესი ბიზნესებს სთავაზობს გარკვეულ პროდუქტებს. ეს შეიძლება გახდეს თქვენი ინსპირაციის წყარო და მათთან პარტნიორობის დამყარებით, თქვენი ელ. კომერციის პლატფორმის შექმნაც გადაწყვიტოთ. მაგალითად, მსგავსი გიგანტი პლატფორმაა alibaba.com.
B2C ან C2C პლატფორმების დათვალიერება
ასევე, საინტერესო იდეების წყაროა მომხმარებლებზე გათლილი პლატფორმების ხშირი დათვალიერება, ტრენდული კატეგორიების, საკვანძო სიტყვების, პროდუქტების, ტოპ გამყიდვლების გვერდების აღმოჩენა, დათვალიერება და შესწავლა. მსგავსი გლობალური პლატფორმებია Amazon.com, ebay.com, Kickstarter, Etsy, AliExpress
სოციალური ფორუმების აქტიური მოხმარება
წარმოიდგინეთ, აქტიურად რომ დაათვალიეროთ და მიჰყვეთ მიმოწერას სოციალურ ფორუმებში თქვენთვის საინტერესო ინდუსტრიის შესახებ, რამდენ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ. თუ თქვენვე იქნებით თემების ინიციატორები, ეს დამატებით სარგებელს მოგიტანთ. ადგილობრივი ფორუმების გარდა, მიჰყევით გლობალურ ფორუმებს ახალი უცხო შესაძლებლობების აღმოსაჩენად. ასეთი ფორუმებია: Reddit, Quora
სოციალური ქსელების მიზანმიმართული გამოყენება
თუ მხოლოდ თვალიერებით არ დაკავდებით სოციალურ ქსელში, დაიწყებთ ხალხის შესწავლას და ტენდეციების აღმოჩენას, საინტერესო იდეებიც მალე გეწვევათ. დააკვირდით ჰეშტეგებს, იპოვეთ აქტიური თემატური გვერდები, ჯგუფები და შეისწავლეთ მომხმარებლების ხასიათი, პოპულარული თემები. ეს ყველაფერი არა მხოლოდ Facebook-სა და instagram-ზე, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ Pinterest-ზე და სხვა ნიშურ პლატფორმებზე.
ნიშური მედიის გაცნობა
ბევრი საინტერესო რამ იწერება ნიშურ ონლაინ და ბეჭდურ მედია საშუალებებში. თუ თქვენ გაინტერესებთ ფიტნესი და მუდმივად ეცნობით ადგილობრივ,თუ გლობალურ მედია საშუალებებს (მაგ. ონლაინ ჟურნალებს), თქვენ აღმოაჩენთ ახალ ტენდეციებს, ახალ პროდუქციას, ახალ მიმართულებებს და ა.შ.
უბრალოდ, გაიხედეთ წარსულში
ხშირად შეხვდებით ძველი ნივთების გაცოცხლებულ ნაირსახეობებს, ან უბრალოდ მონატრებული ნივთებით დაწყებულ ბიზნესებს. რატომაც არა!
გაითვალისწინეთ, რომ ეს და სხვა მრავალი მიდგომა დაგეხმარებათ ახალი იდეების გენერირებაში, თუმცა, ეს ყველაფერი არაა. საჭიროა მათი ანალიზი და თქვენზე მორგებული იდეის შერჩევა. აუცილებლად გახსოვდეთ, თუ თქვენ არ შეგიძლიათ ამ ბიზნესის კეთება და არ გიყვართ ის, აუცილებლად განიცდით მარცხს.
ასე რომ, შეარჩიეთ ის იდეა, რომელიც არ მოგბეზრდებათ და შეძლებთ მის ბოლომდე მიყვანას.