ციფრული მარკეტინგის გზამკვლევი

საიდან დავიწყოთ?

გთავაზობთ მეთოდს, რომელიც სტრატეგიულად ავითარებს თქვენს სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციას და გეხმარებათ, დაგეგმოთ, როგორ აქციოთ ის თქვენს მომხმარებლად.

ამ მეთოდის და ზოგადად, მარკეტინგის ერთი მთავარი ჭეშმარიტება არის ის, რომ ჩვენ წინ ერთნაბიჯიანი მარტივი პროცესი არ გველის. ეს არის მუდმივი და განგრძობადი პროცესი. მეთოდი აღწერს 7 ნაბიჯიან სტრატეგიას ციფრული მარკეტინგისთვის. ის წარმოადგენს ერთგვარ სამაგიდო თამაშს, სადაც ვერცერთ ნაბიჯს ვერ გადაახტებით და ყოველი შემდეგი ნაბიჯი წინაზეა დამოკიდებული. მეთოდი გათვლილია ნებისმიერი ტიპის და სექტორის ბიზნესისთვის.

გავიაზროთ მეთოდი ნაბიჯ-ნაბიჯ და გარდა თეორიული მიმოხილვისა, განვიხილოთ ის ონლაინ ხელსაწყოები, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ ნაბიჯების გადასადგმელად.

ციფრული სამყაროს ამომავალი წესი: თქვენ ამ სამყაროს ნაწილი უნდა გახდეთ!

ნაბიჯი პირველი – ცნობადობის გაზრდა

სანამ თქვენგან ვინმე რამეს იყიდის, მანამდე მათ უნდა გაიგონ, რომ თქვენ არსებობთ. ეს არის პირველი ნაბიჯი „მომხმარებლის მოგზაურობაში“.

მაგალითისთვის:

  • ტურისტები ინტერნეტში, Google-ის საძიებო სისტემაში ეძებენ სასტუმროს, ან ახლო-მახლო რესტორანს;
  • დიასახლისები ინტერნეტში ეძებენ რეცეპტებს და პროდუქტებს კერძების მოსამზადებლად;
  • ახალგაზრდები ინტერნეტში ეძებენ საინტერესო ღონისძიებებს და ადგილებს, სადაც შეძლებენ თავშეყრას და გართობას.

დღესდღეობით, ყველაზე მძლავრი საძიებო სისტემა ნებისმიერი ინფორმაციის მოსაძიებლად არის – Google-ის საძიებო სისტემა (Google Search).

მომხმარებლები ინფორმაციის მოძიების მიზნით, ასევე, იყენებენ – Facebook.com-ს, რომლის საძიებო ველიც საშუალებას იძლება, მოიძიოთ სასურველი ორგანიზაციის, ან პროდუქტის შესახებ ინფორმაცია. ეს ტენდეცია კი მომდინარეობს იქიდან, რომ ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი ქმნის და აქტიურად იყენებს Facebook-ის ოფიციალურ გვერდებს.

შესაბამისად, თუ გვსურს მომხმარებლებმა გაგვიცნონ, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის ტენდეციები, რაც ზემოთ აღვწერე.

დაარეგისტრირეთ დომენი

პირველ რიგში, საჭიროა, ბრენდის შექმნა, ან თუ უკვე გაქვთ ის, შესაბამისი სახელის დარქმევა მისი ციფრულ სამყაროში წარსადგენად. შეარჩიეთ ისეთი საკვანძო სიტყვა, რაც თქვენს ბიზნეს საქმიანობას კარგად ასახავს და რომელიც არ არის გამოყენებული სხვის მიერ.

1. ჩამოწერეთ ისეთი საკვანძო სიტყვები, რომელიც კარგად ასახავს თქვენს საქმიანობას, მარტივად გამოითქმის და მარტივად იწერება ლათინურად. ჩამოწერეთ 15, 20 ან მეტი ასეთი სიტყვა.                                      
2. ჩამოწერილი სიტყვებიდან შეარჩიეთ საუკეთესო 1-5 სიტყვა. გამოიყენეთ Google.com  და ნახეთ, რა შედეგს მიიღებთ ამ სიტყვების ძიებით. დარწმუნდით, რომ სიტყვები რეალურად ასახავს თქვენს ბიზნეს საქმიანობას და რომ არავის აქვს ის გამოყენებული აქამდე. ასევე, გადაამოწმეთ Facebook.com-ზე, თუ არსებობს ბიზნეს გვერდები ამ სიტყვებით.           3. გადაამოწმეთ, ამ სიტყვებით თუ შეძლებთ .ge დომენის რეგისტრაციას www.domenebi.ge-ზე ან სხვა რეგისტრატორთან.  

რა არის დომენი?

დომენი არის დასახელება, რომლითაც თქვენ ახერხებთ ციფრულ სამყაროში თქვენი ბიზნესის ვებ-გვერდების წარდგენას. მაგალითად kanchaveli.ge არის ჩემი ბლოგის მისამართი.

დომენის შერჩევა და მისი რეგისტრაცია საჭიროა ნებისმიერი ბიზნესისთვის, ვინც პირველივე ეტაპზე, ან შორეულ პერსპექტივაში აპირებს ციფრული სამყაროს უპირატესობების გამოყენებას. შეიძლება ბიზნესი არ აპირებდეს ვებ-გვერდის შექმნას თავდაპირველად, თუმცა, დომენის რეგისტრაცია მაინც საჭიროა, რადგან მასზე საკუთრების უფლება მოიპოვოთ და ის არ დაარეგისტრიროს სხვამ.

დომენები იყოფა ზონებად. ძირითადად, ეს დაყოფა ქვეყნების მიხედვით ხდება. მაგალითად, დომენების .ge ზონა არის საქართველოსთვის მაშინ, როდესაც .de არის გერმანიისთვის და ასე შემდეგ. საერთაშორი ბაზარზე გასასვლელად ყველაზე პოპულარული დომენი არის .com ან .net დაბოლოებით.

.ge ზონის ადმინისტრატორი საქართველოში არის კავკასუს ონლაინი (nic.ge), ხოლო .ge დომენების რეგისტრაციის საშუალებას იძლევა 12 რეგისტრატორი.

დომენის ქონა გეხმარებათ ციფრულ სამყაროში ბრენდის სწორ და ეფექტურ პოზიციონირებაში, ვებ-გვერდის განთავსებასა და კორპორატიული ელ. ფოსტის ფუნქციონირებაში.

შექმენით Facebook.com-ზე ბიზნესის გვერდი

ციფრულ სამყაროში ბიზნესის წარდგენისთვის აუცილებელი ნაბიჯია Facebook.com-ზე  ბიზნესის გვერდის შექმნა, რადგან, როგორც ზემოთ ვახსენეთ, მომხმარებლების დიდი ნაწილი მისთვის საჭირო ინფორმაციას სწორედ  Facebook-ის საძიებო სისტემაში ეძებს.

აუცილებლად იაქტიურეთ სოციალურ ქსელებში და განათავსეთ თქვენ შესახებ საინტერესო ფოტოები, ვიდეოები, ტექსტები.

დაამატეთ თქვენი ბიზნესი Google-ის საძიებო სისტემაში და რუკაზე

მომხმარებლამდე მისაწვდომად კიდევ ერთ ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს „Google My Business” (https://www.google.com/business/), რაც საშუალებას იძლევა, თქვენი ინფორმაცია გუგლის საძიებო სისტემაში წარმოსაჩენ ადგილზე განათავსოთ. ასევე, განათავსოთ თქვენი ბიზნესი გუგლის რუკაზე (http://Maps.google.com).

მაგალითად, თუ მოძებნით “ტექნოპარკი საქართველო”-ს, ძიების შედეგად მიიღებთ მათ ვებ-გვერდს: gita.gov.ge-ს, Facebook-ის ბიზნეს გვერდს მსგავსივე დასახელებით და მარჯვენა მხარეს “Google my business”-ის შემოთავაზებას ტექნოპარკის შესახებ.

ამ შედეგის მისაღებად მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. ეწვიეთ გვერდს: business.google.com და გაეცანით, რა შესაძლებლობებს გთავაზობენ, გარდა საძიებო სისტემაში და რუკაზე თქვენ შესახებ ინფორმაციის განთავსებისა;
  2. ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს “start”. გაითვალისწინეთ, აუცილებელია, გქონდეთ Google-ის ელ. ფოსტა (Gmail);
  • შეიყვანეთ კომპანიის დასახელება – დასახელებაში, სჯობს, გამოიყენოთ იგივე მიდგომა, რაც Facebook.com-ზე – შეიყვანეთ ვებ-გვერდის მისამართი + მცირე დასახელება, მაგალითად: kargiidea.ge – კარგი იდეების სააგენტო;
  • შეიყვანეთ თქვენი მისამართი;
  • მიუთითეთ არეალი, სადაც ეწევით მომსახურებას –  ეს შეიძლება იყოს რადიუსი ან კონკრეტული ქალაქები, ქვეყნები, ან საფოსტო მისამართები;
  • შემდეგ ირჩევთ კატეგორიას;
  • შეიყვანეთ საკონტაქტო ინფორმაცია, ვებ-გვერდის მისამართი. თუ არ გაქვთ მისამართი, Google My Business გთავაზობთ ერთგვერდიან ვებ-გვერდს, რომელიც ავტომატურად გენერირდება;
  • ბოლო გვერდზე დააჭირეთ ღილაკს “finish”;
  • რეგისტრაციის ბოლოს, საჭიროა, ბიზნესის ვერიფიკაცია და მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება ის მომხმარებლებთან საძიებო სისტემაში და რუკაზე. ვერიფიკაციის ყველაზე ხშირად გამოყენებული გზა არის ფოსტა, ასევე არის ალტერნატივები, როგორიცაა ელ. ფოსტა და ტელეფონი.
  • ვერიფიკაციისთვის შედიხართ სისტემაში https://business.google.com/ და აჭერთ ღილაკს Verify now (1) . აგზავნინებთ წერილს ფოსტით, ღილაკზე “mail” დაჭერით. წერილის მისაღებად, დაახლოებით, 14 დღეა საჭირო;
  • წერილის მიღების შემდეგ, ზედ დატანილ ციფრებს შეიყვანთ სამართავ პანელში, გვერდითა მენიუში არსებულ გვერდზე “verify my locations”.

რეგისტრაციის შემდეგ, აუცილებლად ეწვიეთ პორტალს (business.google.com), კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენ მიერ შეყვანილ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალეთ, ან დახვეწეთ.

ამგვარად, თქვენ უკვე გაქვთ დომენი, რაც თქვენი ბიზნესის ციფრულ სამყაროში წარსადგენად აუცილებელი რამ არის, გაქვთ Facebook გვერდი და გაქვთ Google my business ხელსაწყო. ამ გზით თქვენ მოახერხებთ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ციფრულ სამყაროში და თქვენი პოვნა ინტერნეტში უკვე შესაძლებელი გახდება. გახსოვდეთ, რაც უფრო იაქტიურებთ, მით უფრო საინტერესო იქნებით სხვებისთვის.

ნაბიჯი მეორე – მომხმარებლების ჩართულობა

ცნობადობის ზრდა იმთავითვე არ ნიშნავს აუდიტორიასთან ურთიერთობის სიმყარეს.

  • ისინი არ გიცნობენ კარგად!
  • მათ არ მოსწონხართ ჯერ!
  • ისინი არ გენდობიან ჯერ!

საზოგადოებასთან საუბარი მხოლოდ მათი ჩართულობით იწყება. ამისთვის კი საჭიროა, უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება მომხმარებლებთან.

მეორე ნაბიჯი, სწორედ, ჩართულობის მნიშვნელობას მოიცავს. ამისთვის, მომხმარებელს თქვენ უნდა მიაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს საინფორმაციო, გასართობი, თუ სხვა.

ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, ეს არის მუდმივი პროცესი მომხმარებელთან ურთიერთობის დიდ გზაზე.

მომხმარებლის ჩართულობის  მისაღწევად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ციფრული მარკეტინგის შემდეგი სტრატეგიები:

  1. კონტენტ მარკეტინგი – თქვენი პროდუქტის/მომსახურების შესახებ უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ციფრულ სამყაროში, იქნება ეს სტატია, აუდიო ინფორმაცია, ვიდეო აღწერა, თუ ნებისმიერი სხვა რამ. ეს დაგეხმარებათ, უფრო ადვილად იძებნებოდეთ ინტერნეტში და უფრო მეტი მომხმარებელი იყოს ჩართული თქვენს მარკეტინგულ აქტივობებში.
  2. სოცილური ქსელის მართვა – თუ კონტენტ მარკეტინგი მოგიწოდებთ, განათავსოთ ბევრი ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, სოციალური ქსელი საშუალებას გაძლევთ, გააზიაროთ თქვენს გვერდზე ეს ინფორმაცია. თუმცა, აქაც საჭიროა გარკვეული წესების დაცვა: ეცადეთ გააზიაროთ პოსტები სისტემატიურად, დღეში ერთხელ ან 2-ჯერ; არ იყოთ შემაწუხებელი, მომაბეზებელი და გადმოეცით ინფორმაცია ლაკონურად და ადვილად გასაგებად.

ელ. ფოსტის გამოყენება

მომხმარებლის ჩართულობისთვის Facebook გვერდის აქტიური გამოყენება მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა ხშირად საჭიროა პირდაპირი კავშირები და კომინიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან. ამის მისაღწევად ერთ-ერთი ეფექტური ხელსაწყო არის Google-ის ელექტრონული ფოსტა: gmail.com, მრავალფეროვანი ფუნქციონალით, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ უფასო ელექტრონული ფოსტით, ან გამოიყენოთ კორპორატიული ელ. ფოსტა Gsuite basic, რაც თვეში 5 დოლარი ეღირება თქვენით რეგისტრაციის შემთხვევაში, 15.95 ლარი – ზემოთ ნახსენებ domenebi.ge-ზე რეგისტრაციის შემთხვევაში.

შექმენით კორპორატიული ელ. ფოსტა G Suite-ს გამოყენებით

Gmail-ის უფასო ელ. ფოსტისგან განსხვავებით, Gsuite წარმოადგენს ბევრად ძლიერ ხელსაწყოს ბიზნესისთვის, რომელიც ასევე Google-ის პროდუქტია. მისი მთავარი უპირატესობა მისი კორპორატიული სახეა, ანუ ბიზნესის დომენით დასრულებული ელ. ფოსტის არსებობა – info@kargiidea.ge. კორპორატიული ელ. ფოსტა ზრდის ბრენდის ცნობადობას და ბიზნესის მიმართ სანდოობას.

GSuite-ის ყიდვა საკმაოდ მარტივია. ეწვიეთ ვებ-გვერდს: gsuite.google.com, ზედა მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ ღილაკს Get Started და მიჰყევით პროცესს. რეგისტრაციისთვის, აუცილებელია, გქონდეთ დომენი თქვენს საკუთრებაში. შეგიძლიათ, აირჩიოთ უფასო 14 დღიანი შეთავაზება, დარწმუნდეთ მის შესაძლებლობებში და შემდეგ დაიწყოთ გადახდა.

Gsuite-ის რეგისტრაციის ერთადერთი სირთულე შეიძლება აღმოჩნდეს დომენის ვერიფიკაციის პროცესი, რომლისთვისაც თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ ვებ-გვერდის, ან ჰოსტინგის[ ფლობა და მათი ინსტრუქციის დეტალურად მიყოლა. სირთულის თავიდან ასარიდებლად, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ Gsuite-ის ოფიციალურ გადამყიდველს საქართველოში www.domenebi.ge-ს, რომელიც თავიდან აგაცილებთ ტექნიკურ პროცესებს, ზედმეტ ხარჯებს და ასევე, შემოგთავაზებთ ონლაინ მხარდაჭერას ელ. ფოსტასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.

Gmail.com-ის უპირატესობებიდან შეიძლება გამოიყოს რამოდენიმე. ესენია: უსაფრთხოება; მარტივი და დახვეწილი ვიზუალი; საჭირო ფუნქციონალი; მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი, როგორც კომპიუტერში, ასევე მობილურ მოწყობილობებში, აპლიკაციის სახით.

ბლოგის მართვა

მომხმარებლების მეტი ჩართულობის მისაღწევად, ასევე, შესაძლებელია, შექმნათ უფასო და მარტივი ბლოგის გვერდი Gmail-ის პორტალიდან. ამისთვის, Gmail.com-ზე ზედა მარჯვენა მხარეს არსებულ დამატებით ფუნქციებში აირჩიეთ “Blogger”.

Blogger შესაძლებლობას იძლევა, შეარჩიოთ თქვენთის სასურველი შაბლონი და მართოთ ის: განათავსოთ ბლოგ პოსტები, შეამოწმოთ სტატისტიკა, იხილოთ კომენტარები. ასევე, შესაძლებელია, შეცვალოთ გვერდის ვიზუალი, თემა და წყობა.

ბლოგის მართვა დაგეხმარებათ, მომხმარებლისთვის ინტერნეტსივრცეში დამატებითი ინფორმაცია განათავსოთ, რაც გაზრდის თქვენს ცნობადობას და ადვილად მოძებნადი გახდებით.

ვიდეო ბლოგი – Youtube.com

ვიდეოების წარსადგენად ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არხია: youtube.com, რომელიც მიბმულია თქვენს Gmail-ის ანგარიშს. ვიდეოების ასატვირთად მიჰყევით Gmail-ზე მარჯვენა ზედა კუთხეში არსებულ ფუნქციების ჩამონათვალიდან Youtube-ს, ან ეწვიეთ პირდაპირ www.youtube.com-ს. ორივე შემთხვევაში შეძლებთ თქვენი Gmail ანგარიშის გამოყენებას.

ბიზნესთან დაკავშირებული ვიდეოებისთვის არ გამოიყენოთ პირადი სივრცე, არამედ შექმენით ბიზნესისთვის არხი – ამისთვის მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭირეთ მენიუს, აირჩიეთ “My Channel” და ახალი არხის რეგისტრაციისას აირჩიეთ არა საკუთარი სახელი და გვარი, არამედ ბიზნესის სახელით გვერდის შექმნა.

Youtube არხზე, ბიზნესის ბრენდის შესაბამისად, აუცილებლად ატვირთეთ პროფილის და ე.წ. „ქავერ“ ფოტოები. ამით თქვენი ვიდეოები მომხმარებელთან გამოჩნდება ბიზნესის სახელით, ეს კი თავის მხრივ, გაზრდის მის ცნობადობას.

გამოიყენოთ Google my business

Google my business გთავაზობთ არაერთ საინტერესო შესაძლებლობას, მათ შორის:

  • შეძლებთ შეამოწმოთ მომხმარებლების შეფასებები, კომენტარები;
  • შექმნათ და განავითაროთ ვებ-გვერდი;
  • შექმნათ და მართოთ რეკლამები.

პორტალზე მარცხენა მხარეს ჩამოთვლილია ყველა ის შესაძლებლობა, რაც თქვენ გამოგადგებათ:

პორტალის შესაძლებლობების ეფექტურად ასათვისებლად განახორციელეთ, მინიმუმ, ეს მარტივი ნაბიჯები:

  1. განათავსეთ თქვენი შეთავაზებები, სიახლეები, ფასდაკლებები, პროდუქტები საძიებო სისტემაში და რუკაზე. ამისთვის, პორტალზე ეწვიეთ “posts”-ს გვერდს და შექმენით ახალი ჩანაწერი. საჭიროა მხოლოდ სურათი, აღწერა, შეთავაზების დასახელება და თარიღები. მისი გამოქვეყნებით შეძლებთ, დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოთ თქვენს მომხმარებელს;
  2. ატვირთეთ რაც შეიძლება მეტი ფოტო და ვიდეო ამსახველი მასალა. ეს მომხმარებლისთვის საკუთარი ბიზნესის წარდგენის დამატებითი შესაძლებლობაა;
  3. მუდმივად აკონტროლეთ მომხმარებლების შეფასებები და უპასუხეთ მათ. კარგი შეფასებისთვის ნუ დაიზარებთ კომპლიმენტს და ცუდი შეფასებისთვის –  აუცილებლად გამოკითხეთ მიზეზი, სცადეთ მისი გამოსწორება და ბოდიშთან ერთად, შესთავაზეთ გარკვეული სარგებელი, მაგალითად, ფასდაკლება შემდეგ ჯერზე.

Google Drive – პარტნიორებთან და მომხმარებლებთან ონლაინ მუშაობის პლატფორმა

Google Drive (drive.google.com) შესაძლებლობას იძლევა, ატვირთოთ და შეინახოთ თქვენი ფაილები, სურათები, დოკუმენტები ონლაინ და გამოიყენოთ ის ნებისმიერი მოწყობილობიდან, სადაც კი ინტერნეტია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ თქვენი იდენტიფიცირება Gmail-ის ელ. ფოსტის გამოყენებით.

ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია, რასაც Google Drive გაწვდით არის ის, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ფაილი, დოკუმენტი გაუზიაროთ ნებისმიერ ადამიანს ნახვის, ან რედაქტირების უფლებით. ასევე, შესაძლებელია, რამოდენიმე ადამიანმა ერთდროულად შეიტანოს ცვლილებები დოკუმენტში.

გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ ონლაინ სივრცე/ფოლდერი და გაუზიაროთ სხვებს ნახვის, ან მართვის ფუნქციით. მაგალითად, შექმნათ სურათების გალერეა და გაავრცელოთ ის ელ. ფოსტაზე ნახვის უფლებით. ასევე, შექმნათ ონლაინ პრეზენტაცია გარკვეული იდეის წარსადგენად.

თქვენი სწორი აქტიურობა ციფრულ სამყაროში იწვევს მომხმარებლების ინტერესის ზრდას და მათთვის სურვილის გაღვივებას, გახდნენ თქვენი აქტიური გამომწერები. თქვენი მიზანიც ხომ სწორედ ესაა – გყავდეთ რაც შეიძლება მეტი გამომწერი, ანუ გყავდეთ რაც შეიძლება მეტი პოტენციური მომხმარებელი.

ნაბიჯი მესამე – გამომწერების რაოდენობის ზრდა

ამ ნაბიჯზე გადასვლა მოსალოცი სიახლეა, რადგან ეს უკვე გულისხმობს, რომ თქვენს სოციალურ აქტივობას ბევრი მიმდევარი ჰყავს და ბევრი ადამიანი გისმენთ, ან გიყურებთ.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ მუდმივად ემახსოვრებით. იმისთვის, რათა ისინი არ დაკარგოთ, საჭიროა, გქონდეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია. სწორედ ამ მიზნით, ხშირად შეხვდებით Facebook-სა და სხვადასხვა ვებ-გვერდზე შესაბამის მოწოდებას – გამოიწერეთ თქვენთვის საინტერესო სიახლეები.

ამ მიზნის მისაღწევად, თქვენ შეგიძლიათ, გამოიყენოთ Google Drive-ის Forms ფუნქციონალი Gmail-დან.

მიჰყევით ინსტრუქციას:

1. Drive.google.com-ზე მარცხენა ზედა კუთხიდან აირჩიეთ Google forms-ის შაბლონები;

2. შაბლონებიდან აირჩიეთ თქვენთვის საურველი დიზაინი და შინაარსი. სიმარტივისთვის და სისწრაფისთვის Google forms გთავაზობთ წინასწარ გამზადებულ თემატურ შაბლონებს, როგორიცაა: შეხვედრის დროის შერჩევის კითხვარი, ან საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვების, ღონისძიებაზე რეგისტრაციის და სხვ ფორმები. ასევე, წინასწარ გამზადებულია მომხმარებლის შეფასების შესაგროვებლად კითხვარიც;

3. გადახედეთ და შეცვალეთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე;

  • შეცვალეთ დასახელება და აღწერა;
  • შეცვალეთ არსებული კითხვები ან  დაამატეთ ახალი;
  • იხილეთ, როგორ გამოიყურება კითხვარი უცხო თვალისთვის და თუ მისაღებია ყველაფერი, გაუზიარეთ ბმული მომხმარებლებს ელ. ფოსტის, სოციალური ქსელის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით;
  • შეამოწმეთ მიღებული პასუხები და გაიაზრეთ ისინი. დაგეგმეთ შესაბამისი ქმედებები.

ნაბიჯი მეოთხე – კონვერტაცია

გამომწერების რაოდენობა, ხშირ შემთხვევაში, ბევრს არაფერს ამბობს. შეიძლება ისინი შემთხვევით, ან თუნდაც, მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად მოგყვებიან. როგორ გავიგოთ, არიან თუ არა ისინი მზად, კიდევ უფრო ახლოს მოვიდნენ თქვენს ბიზნესთან? არიან კი ისინი მზად, იყიდონ თქვენი პროდუქტი, ან გამოიყენონ თქვენი მომსახურება? როგორ მივხვდეთ, ციფრულ სამყაროში არსებული თქვენი მიმდევრებიდან (გამომწერებიდან) რამდენი პროცენტი იქცევა თქვენს რეალურ მომხმარებლად? სწორედ ამ მიზანს ემსახურება მე-4 ნაბიჯი – მომხმარებლების კონვერტაცია. ეს არის ყველაზე კრიტიკული ეტაპი თქვენს ამ მოგზაურობაში.

აქ არ იგულისხმება, რომ უბიძგოთ მომხმარებელს თქვენი პროდუქტის/მომსახურების შეძენისკენ, ან ჩავთვალოთ, რომ არ არის მყიდველი და შევწყვიტოთ მასთან კომუნიკაცია. ხშირ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ხდება დამატებითი ინვესტიციების განხორციელება, რათა უბრალო გამომწერი აქციოთ პოტენციურ მყიდველად.

ამისთვის გირჩევთ, გადადგათ შემდეგი ნაბიჯები:

  • გაუგზავნოთ მოსაწვევი უფასო ღონისძიებაზე, სადაც შეძლებენ თქვენი პროდუქტის დეგუსტაციას, ან თქვენი მომსახურების გაცნობას;

Facebook გვერდი გაძლევთ შესაძლებლობას, შექმნათ ღონისძიება და მოიწვიოთ მომხმარებლები, ან შექმნათ ფასდაკლების შეთავაზება, ან გაავრცელოთ ვიდეო მოწვევა, ასევე ჩაატაროთ გამოკითხვა.

  • დაურიგოთ ფასდაკლებების ვაუჩერები;
  • გასცეთ მომსახურების ნაწილი უფასოდ, რათა დარჩენილი ნაწილის შეძენის სურვილი გაუჩინოთ.

მაგალითად, ტაქსების კომპანია ხშირად ჩუქნის ადამიანებს უფასო პირველ მგზავრობას იმ იმედით, რომ ისინი მათი აქტიური მომხმარებლები გახდებიან.

კომპანია Gillette კი ხშირად გასცემს საპარს მოწყობილობებს უფასოდ, ან ძალიან იაფად იმ იმედით, რომ მომხმარებლები შემდგომში სწორედ მისი საპარსის თავებს იყიდიან.

მე-4 ნაბიჯის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რეალურად გამოიყენოს თქვენი პროდუქტი, თუ მომსახურება, რადგან ამით იზრდება შანსი, რომ ის გახდეს თქვენი მომხმარებელი. 

ნაბიჯი მეხუთე – მომხმარებლის აღფრთოვანება

მარკეტინგული სტრატეგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ ეს არის, რადგან ამ დროს სრული დატვირთვით ცდილობთ, თავი მოაწონოთ მომხმარებელს. აუცილებელია მათთან საუბარი, რათა გაიგოთ მათი განწყობა, გამოასწოროთ, თუ რამე არ მოსწონთ, უფრო მეტად წამოწიოთ წინ ის საკითხები, რაც მათ მოეწონათ. კომპანიები ამ დროს მომხმარებლებთან აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან და საამისოდ რამდენიმე ძირითად ხერხს მიმართავენ:

  • პროდუქტის ყიდვისთანავე უგზავნიან გამოყენების ინსტრუქციას;
  • უგზავნიან შეფასების ფორმას;
  • სთავაზობენ უფასო ტექნიკურ მხარდაჭერას, ან უფასო კონსულტაციას.

ამ მეთოდების შესასრულებლად, შესაძლებელია, გამოიყენოთ:

  1. ბლოგი – ინსტრუქციების და ზოგადი რჩევების გადმოსაცემად;
  2. Youtube არხი – ვიდეო ინსტრუქციების შესაქმნელად, ვიდეო გაკვეთილების გასავრცელებლად;
  3. იმეილ მარკეტინგი – საინტერესო და საჭირო ინფორმაციების მისაწოდებლად.

ნაბიჯი მეექვსე – ზრდა

მომხმარებელთან კომუნიკაციის შედეგად, იღებთ ფასდაუდებელ უკუკავშირს – შეფასებას, რომლის ხარჯზეც სწავლობთ და ავითარებთ საკუთარ პროდუქტს/მომსახურებას.

ამ ეტაპამდე, დიდი ალბათობით, შეიძლება, მოგების გარეშეც მოსულიყავით, თუმცა, თქვენ უკვე გყავთ კმაყოფილი მომხმარებელი, რომელმაც გამოიყენა თქვენი პროდუქტი/მომსახურება უფასოდ, ან ძალიან იაფად. ახლა დროა, იფიქროთ ციფრების გაზრდაზე და შესთავაზოთ მათ სხვადასხვა ფასიანი/უფასო სერვისი/პაკეტი და გაზარდოთ მათი ჩართულობა, რათა მიიღოთ უფრო მეტი სარგებელი (დრო/ფული).

ამ მიზნის მისაღწევად, აქტიურად იგეგმება კამპანიები შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

  • იმეილ მარკეტინგი – მომხმარებლებთან განახლებული შეფასებების დაგზავნა, აქციები, საჩუქრები;
  • კონტენტ მარკეტინგი – საინტერესო კონტენტის შექმნა (ბლოგ პოსტები, ვიდეო რგოლები და სხვა) სხვადასხვა მიმართულებით. მაგალითად, პოსტი სახელწოდებით: „როგორ გავზარდო შემოსავლები ექსელის სწავლით“ და სხვა.
  • ციფრული რეკლამირების სხვადასხვა მეთოდი – მაგალითად, Facebook Ads (ფეისბუქ რეკლამა) –  თქვენ მარტივად შეგიძლიათ გაარეკლამოთ თქვენი ნებისმიერი  პოსტი თქვენთვის საინტერესო აუდიტორიისთვის. პოსტის ბოლოს არის ღილაკი “Boost”.

    Boost ღილაკით ახდენთ რეკლამის ფუნქციის გააქტიურებას, სადაც საჭიროა თქვენი ინტერესის მიხედვით შეარჩიოთ სამიზნე აუდიტორია (სქესი, ასაკი, გეოგრაფიული მდებარეობა, ინტერესები და სხვა), სარეკლამო ბიუჯეტი და ღილაკზე ერთი დაჭერით თქვენი პოსტი ვრცელდება პოტენციურ მომხმარებლებთან.

    რეკლამა Facebook.com-ზე ფასიანია და ანგარიშსწორება ხდება Facebook გვერდზე  საბანკო ბარათის მიბმით (შესაძლეებლია ნებისმიერი ბანკის Visa და Mastercard-ის გამოყენება). რეკლამისთვის გამოყოფილი თანხა ანგარიშიდან მომდევნო თვის დასაწყისში, ან ხარჯების გამოყოფილი ლიმიტის მიღწევისთანავე იჭრება. პირველ ეტაპზე, რეკლამის მაქსიმალური ლიმიტი რამოდენიმე ათეული დოლარით შემოიფარგლება და წარმატებული გადახდის შემდეგ, ის თანდათან იზრდება. ამით დაცულია თქვენი ბიუჯეტი უკონტროლო ხარჯვისგან.

ნაბიჯი მეშვიდე – ლოიალობა

მარკეტინგული სტრატეგიის ბოლო ნაბიჯები გულისხმობს ლოიალური მომხმარებლების რაოდენობის ზრდას. სხვადასხვა კამპანიის დაგეგმვით, ბიზნესი ცდილობს, საკუთარ პროდუქტზე აალაპარაკოს მომხმარებლები. ასევე, ცდილობს, მოტივაცია შეუქმნას მათ, რათა თავიანთი მეგობრებიც მოიწვიონ.

მაგალითისთვის:

  • არაერთ კომპანიას გამოუცხადებია კამპანია – გადაიღე სურათი ჩვენს პროდუქტთან ერთად და გააზიარე, შემთხევითი 5 მომხმარებელი მოიგებს საჩუქარს;
  • დაარეგისტრირე შენი მეგობარი ჩვენს საიტზე და ორივემ მიიღეთ 30%-იანია ფასდაკლება ჩვენს პროდუქტზე.

მსგავსი კამპანიები მიზნად ისახავს მომხმარებლების რაოდენობის ზრდას საკუთარი მომხმარებლებისვე გამოყენებით.