პროდუქტის/მომსახურების ონლაინ გასაყიდად ორი ძირითადი საშუალება არსებობს:
• საკუთარი ვებ-გვერდის შექმნა ელ. კომერციის (ელექტრონული გადახდის) ფუნქციონალით – საბანკო ბარათით გადახდის განსახორციელებლად, ან შეკვეთების მისაღებად და ალტერნატიული გადახდის მეთოდების გასაჩენად (მაგალითად, ინვოისის გაგზავნა და გადახდის ხელით შემოწმება);
• არსებული საშუამავლო ელ. კომერციის პლატფორმების გამოყენება – ცნობილი ქართული ან საერთაშორისო პლატფორმები, როგორიცაა booking.com, ან თუნდაც turebi.ge.
ორივე გზას თავისი უპირატესობები გააჩნია. საკუთარი ვებ-გვერდი გეხმარებათ, უკეთესად წარმოაჩინოთ თქვენი ბრენდი. არ გაქვთ არანაირი შეზღუდვა და შეგიძლიათ, არსებულის შემთხვევაში, მომხმარებლის უარყოფითი შეფასებებიც კი გააქროთ ვებ-გვერდიდან. რაც მთავარია, არ იხდით საშუამავლო მომსახურების საფასურს (საკომისიოს) და შეგიძლიათ, შემოსული თანხა სრულად აიღოთ.
თუმცა, ამ ყველაფერს აქვს თავისი უარყოფითი მხარეც:
• ვებ-გვერდის შექმნა არ არის იაფი;
• საკუთარი ვებ-გვერდის პოპულარიზაცია გაცილებით ძვირია და რთული, ვიდრე გლობალურად უკვე ცნობილი პლატფორმების, მაგალითად, amazon.com-ის;
• ტრანზაქციების (გადახდების) დაცვა დამატებით უსაფრთხოების საკითხებთანაა დაკავშირებული.
მაშინ, როდესაც შესაძლებელია დარეგისტრირდეთ არსებულ პლატფორმებზე, რაც:
• არის გაცილებით უფრო მარტივი;
• გაქვთ წვდომა მილიონობით ადამიანზე, ვინც უკვე იყენებს ამ ვებ-გვერდს (გლობალურ პლატფორმას);
• არ ხართ შეზღუდული რამდენიმე სხვადასხვა პლატფორმის გამოყენებისგან;
• თქვენი ტრანზაქციები უფრო მეტად დაცულია.
ბუნებრივია, ამ არჩევანსაც აქვს საკუთარი უარყოფითი მხარეები:
• მომხმარებლის რამოდენიმე ცუდ შეფასებასაც კი შეუძლია გაგიფუჭოთ რეპუტაცია;
• მომხმარებელს აქვს მრავალი სხვა მსგავსი არჩევანი იმავე პლატფორმაზე;
• საშუამავლო ვებ-გვერდი (პლატფორმა) თითოეულ ტრანზაქციაზე იღებს გარკვეულ საკომისიოს.
მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე, მიუხედავად ზემოთ ნახსენები უარყოფითი მახასიათებლებისა, მცირე ბიზნესებისთვის, თითქმის, შეუცვლელია არსებული საშუამავლო პლატფორმების გამოყენებით ბიზნესის კეთება.
მსგავსი გლობალური პლატფორმებია:
• Amazon.com – პროდუქტების გლობალურად ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა;
• Ebay.com – ძირითადად, მეორადი პროდუქტების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა, რომელსაც გააჩნია აუქციონის შესაძლებლობა;
• Etsy.com – სადაც ხელნაკეთი ნივთები იყიდება;
• Booking.com – სადაც ყოველდღიურად მილიონზე მეტი ოთახი იჯავშნება;
• AirBNB.com – ფოკუსირებულია ბინების, ბინებში ოთახების და მცირე საოჯახო სასტუმროების გაქირავებაზე. ასევე, გააჩნია ტურების და ტურისტული მომსახურებების შეთავაზების შესაძლებლობა;
• Tripadvisor – მსოფლიოს ყველაზე დიდი სამოგზაურო პლატფორმა;
• Google My business – ბიზნესის რეგისტრაცია ციფრულ რუკასა და ყველაზე დიდ საძიებო ველში განსათავსებლად;
• Facebook.com – ბიზნეს გვერდი და ონლაინ მაღაზიის შექმნის შესაძლებლობა.
მსგავსი ქართული პლატფორმებია:
• Turebi.ge, sastumroebi.ge, hotel24.ge და სხვა – სასტუმროების განსათავსებლად;
• SS.GE, Myhome.ge და სხვა – სახლების, ბინების და სხვა უძრავი ქონების გასაქირავებლად;
• Mymarket.ge, ss.ge-ს ყიდვა-გაყიდვის რუბრიკა და სხვა – ნივთების გასაყიდად;
• Soflidan.ge – სოფლის მეურნეობის პროდუქტი ონლაინ, სახლში მიტანის სერვისით;
• Hotsale.ge და Swoop.ge – ფასდაკლებების პლატფორმები;
• Allwine.ge – ღვინის ონლაინ მაღაზია;
• Agronavti – მობაილ აპლიკაცია, სადაც შესაძლებელია აგრო პროდუქტების განთავსება და დისტრიბუტორებისთვის შეთავაზება.
თუ მოგყავთ კარტოფილი და გსურთ მისი გაყიდვა, როგორ მოიქცევით?
შექმნით საკუთარ ელ. კომერციის პლატფორმას, თუ განათავსებთ არსებულ პლატფორმაზე?
მაგალითისთვის, შეადარეთ ეს ორი ვებ-გვერდი:
• Potato.ge – ერთი კონკრეტული ფერმერი საკუთარი ვებ-გვერიდან ყიდის მხოლოდ საკუთარ ერთ პროდუქტს – კარტოფილს.ასევე, მოძებნეთ Facebook.com-ზე რამოდენიმე მსგავსი გვერდი, სადაც ფერმერი ყიდის საკუთარ პროდუქტს. შეისწავლეთ მათი მიდგომები.
• Soflidan.ge – სხვადასხვა ფერმერი ყიდის პროდუქტს ერთი პლატფორმის გამოყენებით, რომელიც მათ, თავის მხრივ, დამატებით შესაძლებლობებსაც სთავაზობს. შეისწავლეთ პროდუქტის განთავსების პირობები და რა უპირატესობებს ქმნის მსგავსი პლატფორმები.
საკუთარ თავთან სამუშაოდ, გთავაზობთ დავალებას: ჩამოწერეთ, რომელ ქართულ პლატფორმებს იცნობთ, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, სადაც შეგიძლიათ თქვენი პროდუქტის/მომსახურების განთავსება და გაყიდვა?
გიფიქრიათ, რომ მსოფლიო გიგანტი სოციალური ქსელი Facebook.com შეგიძლიათ, გამოიყენოთ ელ. კომერციის პლატფორმად?
გაიხსენეთ, რამდენი Facebook ჯგუფი და ბიზნეს გვერდი შეგხვედრიათ, რომელიც გთავაზობთ პროდუქციას ან მომსახურებას? დიახ, ძალიან ბევრი, რადგან საკუთარი ბიზნეს გვერდის შესაქმნელად და მასზე პროდუქტის, ან მომსახურების განსათავსებლად სულ რამდენიმე წუთია საჭირო.