არაერთხელ მქონია შეხება მეწარმესთან, რომელსაც საკუთარი ვებ-გვერდი, ან სხვადასხვა პლატფორმაზე საკუთარი პროდუქტის აღწერა იდეალური, ან მასთან ახლოს ეგონა, თუმცა, რამოდენიმე კითხვის შემდეგ მან სხვანაირად შეხედა საკუთარ შეთავაზებას და არაერთი ცვლილება შეიტანა მასში.
გთავაზობთ, რამოდენიმე მთავარ საკითხს, რა მიმართულებით უნდა იფიქროთ და სცადოთ თქვენი შეთავაზების გაუმჯობესება. ეს საკითხებია:
პროდუქტი – ცენტრალური საკითხი სწორედ ეს არის. რას ყიდით? რა აქვს მას უპირატესობა? რატომ ეს პროდუქტი და არა სხვა? რამდენად მიმზიდველად არის ის წარდგენილი? ჩანს თუ არა პროდუქტის გვერდზე პროდუქტის მთავარი მახასიათებლები?
ბრენდი – რა თქმა უნდა, საჭირო და აუცილებელია ბრენდის წარდგენა სოციალურ ქსელში, ვებ-საიტის მთავარ გვერდზე, მიმოწერებში, სარეკლამო მასალებში, თუმცა, როგორ არის წარდგენილი თქვენი ბრენდი კონკრეტული პროდუქტის გვერდზე? გიფიქრიათ, რომ ხშირად მომხმარებელი პირდაპირ პროდუქტის გვერდზე ხვდება ბმულით? რა ხვდება მას იქ? ექნება მას ნდობის ფაქტორი?
ტექსტი – პროდუქტის გვერდზე უმნიშნელოვანესია მისი აღწერა. არის ის ინფორმაციული? ლაკონური? სტრუქტურული? ადვილად აღსაქმელი? მიმზიდველი ინფორმაციის მომცემი? მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის შემცველი? ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მომხმარებლის საბოლოო გადაწყვეტილების ჩამოსაყალიბებლად.
დიზაინი – გვერდის დიზაინი. არის სწორად განლაგებული კომპონენტები? არის გათვალისწინებული UX (მომხმარებლის გამოცდილება)? სწორად უბიძგებს წყობა მომხმარებელს შესაბამისი ქმედებების განხორციელებისკენ? ხომ არ შეგვყავს მომხმარებელი ჩიხში?
ეს 4 ძირითადი საკითხი არის ერთგვარი ბაზისი, რაზეც შენდება ბევრი სხვა კომპონენტის გააზრება, რათა თქვენ შეძლოთ შეთავაზებული პროდუქტის გვერდის ოპტიმიზაცია და მომხმარებლების საჭიროებებზე მორგება.
აქვე გთავაზობთ სხვა კონკრეტულ საკითხებს, რომლის გათვალისწინება გაზრდის გვერდის ეფექტურობას. ესენია:
რამდენად გამოკვეთილია მომხმარებლის ქმედებაზე ბიძგი? – რა არის თქვენი გვერდის მიზანი? პროდუქტის ყიდვა? თუ კალათაში დამატება? თუ წერილის მოწერა? არის კარგად გამოკვეთილი და ახსნილი, თუ სად, რა,ს რატომ უნდა დააჭირონ? როგორ მოიქცნენ?
გაქვთ პროდუქტის მაღალი ხარისხის ფოტოები? – მომხმარებლების უმრავლესობისთვის ეს უმნიშნელოვანესი ფაქტორია გადაწყვეტილების მისაღებად.
გაქვთ ფასთან შესაბამისი აღწერა? – თუ ყიდით ძალიან იაფად, რამ გამოიწვია ეს ფასი? ცუდმა ხარისხმა? ან პირიქით – თუ ყიდით ძვირად? უბრალოდ ბევრი ფულის შოვნა გსურთ, თუ არის ამის განმაპირობებელი არგუმენტები? მაღალი ხარისხი, სწრაფი მიწოდება და სხვა უპირატესობები მაღალი ფასის სანაცვლოდ და პირიქით – გაქვთ დაბალი ფასისთვის შესაბამისი არგუმენტები აღწერაში?
გაქვთ საკმარისი დეტალები აღწერაში მომხმარებლებისთვის? – წარმოიდგინეთ, მომხმარებლები და მათი საჭიროებები. რა კითხვები ექნებათ მათ მანამ, სანამ კონკრეტულ პროდუქტს შეიძენენ? რა დააინტერესებთ? და შესაბამისად შეხედეთ თქვენს გვერდს – გაქვთ ყველა საჭირო ინფორმაცია მიწოდებული?
თუ გაქვთ ინსპირაციული ელემენტები გვერდზე? – ბევრ მომხმარებელს უჭირს გადაწყვეტილების მიღება. რითი მიანიშნებთ მათ, რომ თქვენი პროდუქტი მათ რამეს შემატებს, თან ისეთს, რომ აუცილებლად ის დღესვე ამ გვერდზე უნდა იყიდონ? რატომ უნდა შეიყვარონ თქვენი პროდუქტი?
თუ გაქვთ მომხმარებლების შეფასებები? – მყიდველი აუცილებლად დაინტერესდება თქვენი წინა მომხმარებლების შეფასებით – რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, უწევენ თუ არა რეკომენდაციებს. ამისთვის ბევრი პლატფორმა იყენებს შეფასებების სისტემას, თუმცა, თუ ტექნიკურად არ აქვს პლატფორმას ამის შესაძლებლობა, დაფიქრდით, აღწერაში, ან გვერდის სტრუქტურაში სად და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის განთავსება.
და ბოლოს, მაინც რა ხდის პროდუქტის გვერდს მომხმარებლებისთვის მიმზიდველს?
ამაზე კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია, თუმცა, მუდმივი ფიქრი ამ მიმართულებით, მუდმივი კომუნიკაცია გვერდის ვიზიტორებთან და მყიდველებთან, მუდმივი ექსპერიმენტები და განახლებული სტილის მცდელობები აუცილებლად მიგიყვანთ თქვენი პროდუქტისთვის იდეალური გვერდის კონცეფციამდე.