სტუდენტური ცხოვრება – სტრუქტურა

წინა ბლოგპოსტში დავწერე სტუდენტური ცხოვრების მიზნების შესახებ და შევეხე საკანონმდებლო ცვლილებას, ამ პოსტში შევეცდები მოკლედ გადმოვცე თუ როგორი სტრუქტურა წარმომიდგენია ყველაზე ეფექტური.

  • თუ გვსურს სტუდენტების ჩართვა სტუდენტების უფლებების დაცვის და მათი ინტერესების გატარების მიმართულებით;
  • თუ გვსურს სტუდენტების გააქტიურება და მეტი საინტერესო აქტივობა განახორციელება თქვენს უნივერსიტეტში;

თუ გვსურს რომ 124 000 სტუდენტის შესაძლებლობა არ დაიკარგოს უკვალოდ, გთავაზობთ სტუდენტური ცხოვრების ახალ ინოვაციურ სტრუქტურას.

უნივერსიტეტის ქვეშ სტუდენტების მიერ უნდა ჩამოყალიბდეს სამი მიმართულება:

  1. სტუდენტების უფლებების დაცვა – სტუდენტური თვითმმართველობა და დამოუკიდებელი სტუდენტები
  2. მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება – სტუდენტური კლუბები/ორგანიზაციები
  3. სტუდენტებისთვის რესურსების მობილიზება და კოორდინაცია – სტუდენტურ საქმეთა ცენტრი

განვმარტავ სამივე მიმართულებას დეტალურად:

სტუდენტური თვითმმართველობა და დამოუკიდებელი სტუდენტები!

აუცილებელია მოხდეს სტუდენტური თვითმმართველობების დეცენტალიზაცია. საშინელი შედეგების მომტანია პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობა და ინდივიდზე ან მცირე ჯგუფზე ორიენტირებული სისტემა! მსგავსი სისტემა უნდა შეიცვალოს!

ჩემს წარმოსახვაში სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქციური და სტრუქტურული სახე განსხვავებულია და აქვს შემდეგი მახასიათებლები:

  • დეცენტალიზებული სტრუქტურა, სადაც თვითმმართველობის ხელმძღვანელობა პრეზიდენტიდან გადავა საბჭოზე, გამგეობაზე, სათათბირო ორგანოებზე…
  • აუცილებელია თვითმმართველობის არჩევნების სტრუქტურის ცვლილებაც: უნდა აიკრძალოს სტრუქტურა სადაც გამარჯვებული იღებს ყველაფერს.
    • თვითმმართველობას შეიძლება მიეცეს სტუდენტური პარლამენტის სახე, სადაც დაცული იქნება უმრავლესობის და უმცირესობის უფლებები და განსაზღვრული იქნება მათი ჩართულობის მექანიზმები. სადაც იქნება სამუშაო ჯგუფები, თემატური ჯგუფები;
    • თვითმმართველობაში აუცილებლად უნდა მოხდეს დამოუკიდებელი სტუდენტების ჩართვა, რომლებიც აირჩევიან უნივერსიტეტის ფაკულტეტების და ადმინისტრაციის მართვის სხვადასხვა რგოლებში: საბჭოები, სენატი, წარმომადგენლობითი სხდომა და სხვა დანარცენი;
  • მათი ფუნქციაა სტუდენტების უფლებების და ინტერესების დაცვა ფაკულტეტების, ზოგად საუნივერსიტეტო საკითხების გადაჭრის დროს, ადმინისტრაციულ რგოლებში მათი ჩართულობით;
  • სტუდენტურ თვითმმართველობას არ უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს მონაწილეობა სტუდენტური ფონდის საგრანტო კონკურსში, თუმცა უნდა ჰქონდეს უფლება მიიღოს დაფინანსება სტუდენტების უფლებების დაცვის მიმართულებით აქტივობებისთვის: ადვოკატირება, უფლებების კამპანია და ა.შ.
  • თვითმმართველობა ანგარიშვალდებულია სტუდენტების მიმართ და ეს ვალდებულება ყოველ წლიურ ან ყოველ სემესტრულ საყოველთაო ანგარიშით უნდა გამოხატოს;

სტუდენტური კლუბები/ორგანიზაციები

წარმოიდგინეთ სიტუაცია, თქვენ გაქვთ იდეა ჩაატაროთ პროგრამისტების შეჯიბრი – ჰაკათონი, ან ბიზნეს კონფერენცია, ან არქეოლოგიური გასვლა, ისტორიკოსების კონფერენცია… და არ ხართ თვითმმართველობაში, ვერ შეუთანხმდით თვითმმართველობას და არ არსებობს სტუდენტური ფონდი?! რას გააკეთებთ?!

ალბათ გადაიფიქრებთ,

არ გაჩერდეთ!

მოითხოვეთ სტუდენტური კლუბების სისტემის დაფუძნება თქვენს უნივერსიტეტში და თქვენ მიიღებთ შემდეგ ბენეფიტებს:

  • ყოველ სტუდენტს შეუძლია 1 კლუბის დაფუძნება, ამისთვის საჭიროა მინიმუმ 5 სტუდენტის მოძიება და სადამფუძნებლო აპლიკაციის შევსება;
  • სტუდენტური კლუბი არის დამოუკიდებელი და თვითმმართველი;
  • არსებობს სტუდენტური ფონდი და სერვისი რომელიც კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ რესურსებს საგრანტო კონკურსის წესებით – წარადგინეთ იდეა, მიიიღეთ დაფინანსება და სხვა რესურსები პროექტის დასაგეგმად და განსახორციელებლად!
  • წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც კონკურენცია გვაქვს არაა სტუდენტებს შორის,  არამედ იდეებს შორის!
  • რაც მეტ პროექტს გააკეთებთ მით უფრო რეიტინგული და პოპულარული კლუბი გექნებათ და სხვა სტუდენტები ისურვებენ თქვენ კლუბში გაერთიანებას. საინტერესოა, არა?
  • 10, 20, 50 წლის შემდეგ თქვენ მიდიხართ უნივერსიტეტში და თქვენ მიერ დაფუძნებული კლუბი ისევ აქტიური და პოპულარულია! ეს ხომ გენიალურია!
  • არსებობს საერთო სამუშაო სივრცეები და არა კაბინეტები, არსებობს მოხალისეების და მოტივირებული ადამიანების დიდი ჯგუფი და არა ფულზე და ძალაუფლებაზე ორიენტირებული სტუდენტების მცირე ჯგუფი.
  • შედეგი იქნება ის რომ პარალელურად უნივერსიტეტში განხორციელდება ათობით, ასობით პროექტი და ამას გააკეთებს ათასობით სტუდენტი.
  • საკუთარი თავის რწმენას გაიღრმავებს არა მხოლოდ 1 პრეზიდენტი ორ წელიწადში ერთხელ, არამედ ასობით პრეზიდენტი ყოველწლიურად!

სტუდენტურ საქმეთა ცენტრი

გაჩნდება რეალური მოთხოვნა უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილ რესურსებზე, აუდიტორიებზე, საჭირო გახდება საერთო სამუშაო სივრცე, დაიტვირთება დერეფნები, აღარ იარსებებს თავისუფალი აუდიტორიის მცნება, რადგან ყველგან იქნება აქტივობები და უცებ გაჩნდება საკმაოდ ბევრი აქტიური სტუდენტი…

აუცილებელია უნივერსიტეტმა აუწყოს ფეხი ამ ტემპს და აუცილებლად უნდა შეიქმნას სტუდენტურ საქმეთა ცენტრი, შემდეგი მახასიათებლებით, ფუნქციებით და ვალდებულებებით:

  • სტუდენტურ საქმეთა ცენტრში უნდა მუშაობდნენ მხოლოდ სტუდენტები, შესაბამისი კვალიფიკაციის დაკმაყოფილების შედეგად შერჩეულები;
  • ვალდებულები იქნებიან უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურების (ფინანსური, იურიდიული, მატერიალური რესურსების მართვის და სხვა..) და სტუდენტური თვითმმართველობის მიმართ;
  • სტუდენტურ საქმეთა ცენტრი უნდა აერთიანებდეს რამოდენიმე ცენტრს/სამსახურს:
    • სტუდენტური ფონდი: მიიღოს იდეები თვეში ერთხელ (ან სხვა ტემპით დამოკიდებულია უნივერსიტეტის პოლიტიკაზე და რეგულაციებზე), საგრანტო კონკურსის წესებით განიხილოს, განხილვაში ჩართოს თვითმმართველობები და დამოუკიდებელი სტუდენტები; გადაწყვეტილებები გახადოს საჯარო და გამჭვირვალობის პრინციპით დააფინანსოს/ ან მოამარაგოს შესაბამისი რესურსებით სტუდენტური კლუბები; მიიღოს რეპორტები და ეს ყველაფერი განთავსდეს ერთ სივრცეში/სისტემაში ნებისმიერ სტუდენტს რომ შეეძლოს ანგარიშების ნახვა;
    • სტუდენტური სერვის ცენტრი: აუცილებელი გახდება საერთო სამუშაო სივრცეები და მისი მენეჯმენტი, აუდიტორიები ღონისძიებებისთვის, მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა, დარბაზები, ლაბორატორიებზე წვდომა, უნივერსიტეტის შიდა ონლაინ სისტემებისი გამოყენება…
    • საგანმანათლებლო პროგრამების მართვის ცენტრი: დავაფუძნე კლუბი თუმცა არ ვიცი პროექტის წერა, მჭირდება კონსულტაცია და რჩევები, ტრენინგები,  ან უბრალოდ სტუდენტი ვარ და ვფიქრობ რომ დღეს არ მაქვს უნარები პროექტის გაკეთების ან ჯგუფის მართვის, პირველი ნაბიჯი სწორედ საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება გახდეს. საორიენტაციო შეხვედრები, წარმატებული კლუბების ისტორიების გაზიარება და სხვა…
    • კლუბების საკოორდინაციო ცენტრი: საჭიროა ყველა კლუბზე ინფორმაცია განთავსდეს ერთ სისტემაში, ისტორიას დარჩეს მათი აქტივობები, გაკეთდეს რეიტინგი, წელიწადში ერთხელ მოხდეს რეგისტრაციის განახლება, მოეწყოს კლუბებს შორის შეხვედრები, ახალი იდეების გენერირება, საერთო პროექტების წახალისება…

სტრუქტურის განვითარებაზე იდეები არ დაილევა, მთავარია გადაიდგას პირველი ნაბიჯი და მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება და უნივერსიტეტებმა აიღონ ვალდებულება შესაძლებლობების თანასწორობის უზრუნველყოფის.

p.S. სტუდენტური კლუბების სისტემა დავაფუძნეთ საქართველოს უნივერსიტეტში 2010 წელს. 2012-2013 სასწავლო წელს სტრუქტურამ შემდეგი შედეგი მოგვცა:

  • 61 სტუდენტური კლუბი;
  • განხორციელებული 254 პროექტი;
  • პროექტების მენეჯმენტში ჩართული 1100 სტუდენტი (საპროექტო ონლაინ აპლიკაციაში მითითებული პროექტის კოორდინატორი სტუდენტები);
  • დახარჯული მხოლოდ 37 000 ლარი (254 პროექტზე)
  • ჩართული 17500 სტუდენტი (არ იგულისხმება უნიკალური სტუდენტი)
  • 4 თანამშრომელი სტუდენტურ საქმეთა ცენტრში;

დაფიქრდით! ეს რეალურია და თან ეფექტური!