სტუდენტური ცხოვრება – სისტემის პრობლემა

როგორ გამოვიყენოთ თვეში 21859200 კაც/საათი ქვეყნისა და ახალგაზრდების განვითარებისთვის?! ანუ როგორ მივიღოთ ეფექტური სოციალური ზეგავლენა?

სოციალური ზეგავლენის მისაღწევად უნდა მივყვეთ მარტივ 4 ნაბიჯს, ესენია:

  1. შევისწავლოთ პრობლემა;
  2. პრობლემიდან გამომდინარე დავისახოთ მიზნები;
  3. გამოვიყენოთ მიზანმიმართული და ქმედითი მეთოდები;
  4. ყოველივე ეს გავთვალოთ არა მხოლოდ ერთჯერადად ერთ კონკრეტულ  ჯგუფზე, არამედ ვიფიქროთ შედეგის განგრძობადობაზე – სოციალურ ზეგავლენაზე.

სოციალური ზეგავლენის მისაღწევად საჭიროა ერთი ტრადიციული სისტემის რეფორმა – საქართველოს უნივერსიტეტებში არსებული სტუდენტური თვითმმართველობების რეფორმა! ეს არის დაახლოებით 124200 სტუდენტის განვითარების ხელშემშლელი სისტემა.

ბლოგ პოსტში მოვიყვან ძირითად ფაქტებს პრობლემის ნათლად წამოსაჭრელად, ანუ ნაბიჯი პირველი – შევისწავლოთ პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები:

  • საქსტატის 2014 წლის მონაცემების მიხედვით საქართველოში 124 200 სტუდენტია (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=205&lang=geo).
  • მათი სტუდენტური ცხოვრება კი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობების ხელშია (თუ არ ჩავთვლით რამოდენი ერთეულ უნივერსიტეტებს).
  • სტუდენტურ თვითმმართველობებში ოფიციალურად 20-110 სტუდენტი აირჩევა 2 წელიწადში ერთხელ (იშვიათად წელიწადში ერთხელ), უხეში გაანგარიშებით საშუალოდ უნივერსიტეტში 50 სტუდენტია ჩართული თვითმმართველობის მმართველ ორგანოებში.
  • საქართველოში არსებობს ავტორიზირებული 60 უნივერსიტეტი, რაც ჯამში სისტემის მიერ გააქტიურებულ დაახლოებით 3000 სტუდენტს მოიცავს.
  • სტუდენტური თვითმმართველობების უმრავლესობა (თუ ყველა არა) იმართება არადემოკრატიული პრინციპებით – გამარჯვებულ სტუდენტურ ჯგუფს ტოტალური უფლებები გამოყოფილ რესურსებზე.
  • უმრავლეს უნივერსიტეტში არ არსებობს თვითმმართველობებისგან დამოუკიდებელი სტუდენტური ფონდები;

შეჯამებისთვის: ქვეყნის მასშტაბით 124 200 სტუდენტისთვის უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი რესურსები იმართება 1-2 წელიწადში ერთხელ არჩეული დაახლოებით 3000 სტუდენტის მიერ. 

რომ არ ვისაუბროთ არჩევნების ხარისხზე მარტივად დავინახავთ თუ რა მოტივაცია აქვს 124200 სტუდენტს:

  • მათ 6 წლიანი სტუდენტობის დროს (ბაკალავრიატს დამატებული მაგისტრატურის 2 წელი) მხოლოდ 2-3 ჯერ მოუწევს არჩევნებში მონაწილეობის პერიოდი;
  • წლების განმავლობაში დაგროვილი პრაკტიკიდან გამომდინარე, არჩევნებში ხშირად იმარჯვებს ერთიდაიგივე ჯგუფი, ანუ შანსი გამარჯვების ძალიან მცირეა. მითუმეტეს ინდივიდებისთვის.
  • საკუთარი საინიციატივო ჯგუფების ჩამოყალიბებას აზრი არ აქვს, თუ რესურსების მიღების ერთადერთი გათვლა უნივერსიტეტიდან გაქვს, რადგან არ არსებობს დამოუკიდებელი სტუდენტური ფონდი.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ერთ ჩვეულებრივ სტატისტიკურ სტუდენტს, რომელსაც სურს საინტერესო ინიციატივა განახორციელოს, გააერთიანოს 3-10 სტუდენტი საერთო ინტერესების მიხედვით, თუმცა არ სურს 2 წელი ელოდოს არჩევნებს, მიიღოს მონაწილეობა და იბრძოლოს გამარჯვებისთვის ხშირად არასამართლიან არჩევნებში (როგორც მინიმუმ ამის დიდი ტრადიცია გვაქვს)…

რჩება რამოდენიმე გამოსავალი:

  • უნდა შეუერთე გამარჯვებულ გუნდის რიგებს და ხშირად უნდა გააკეთო ის რაც სურს მართველ გუნდს (ხშირად 2-5 სტუდენტს);
  • ან საინიციატივო ჯგუფით განახორციელო პროექტი ოღონდ თვითმმართველობის ჩართულობით და მათი სახელით, იშვიათად მოგეცემათ უფლება გამოიყენოთ მხოლოდ თქვენი საინიციატივო ჯგუფის სახელი და უფრო იშვიათად მოგეცემათ საშუალება მიიღოთ საჭირო რესურსი პროექტის განსახორციელებლად;
  • გაცდეთ უნივერსიტეტის ფარგლებს და მოძებნოთ ადგილობრივი ან საერთაშორისო ფონდი, რაც საინიციატივო ჯგუფისთვის ძალიან რთულია;
  • ან ყველაზე მარტივი გამოსავალი, ნუ გაირთულებთ ცხოვრებას და ნუ იქნებით ინიციატორი და ორგანიზატორი საინტერესო აქტივობების, ანუ იყავით პასიუხი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

დასკვნა: სტუდენტური ცხოვრების არსებული სისტემა უბიძგებს დაახლოებით 100 000 სტუდენტს ინდეფერენტულობისკენ, ანუ იყვნენ დაახლოებით პასიურ 80%-ში. (ანუ 124 200 სტუდენტს გამოკლებული 3000 სტუდენტი, ვინც არის თვითმმართველობაში; გამოკლებული 3000 სტუდენტი ვინც იბრძვის თვითმმართველობისთვის; გამოკლებული 10-15 ათასი სტუდენტი ვინც ქმნის ან  წევრიანდება სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებსა/NGO ებში).

სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა კი არის ის, რომ სტუდენტურ ცხოვრების მმართველ რგოლში მოსახვედრად დროის დახარჯვის მოტივაციას არ/ვერ უქმნის იმ სტუდენტს, რომელიც ისედაც საკმაოდ დიდ დროს უთმობს საგანმანათლებლო პროცესს (ლექციები, კვლევა, ლექტორებთან ურთიერთობა, საინტერესო ტრენინგ-სემინარები…), ანუ ხშირ შემთხვევაში სტუდენტური თვითმმართველობის მმართველ მცირე ჯგუფში (2-5 სტუდენტი) ხვდება მხოლოდ ის აქტიური სტუდენტი, რომელიც დიდ დროს არ უთმობს განათლების მიღებას.

P.S. პრობლემა არსებობს, ამაზე არაერთი კვლევა და ფაქტი მეტყველებს, თუმცა როგორ და ვინ უნდა შეცვალოს ეს სიტუაცია?!

სწორედ ამ რეალობიდან გამოსავლის გზებზე დავწერ ჩემს შემდეგ ბლოგ პოსტებში, სადაც შემოგთავაზებთ, ჩემს ხედვებს სტუდენტური ცხოვრების სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, ანუ როგორ შევუქმნათ მოტივაცია 124 200 სტუდენტს ჩაერთონ სტუდენტურ ცხოვრებაში და როგორ მივმართოთ 124200 სტუდენტის თვეში 21859200 კაც/საათი საზოგადოებრივი ქმედებებისკენ და მივიღოთ მეტი სოციალური ზეგავლენა.

თქვენ კი შეგიძლიათ კომენტარებში დატოვოთ თქვენი მოსაზრებები.