სტუდენტური ცხოვრება – მიზნები

სტუდენტური თვითმმართველობა არ უნდა გაუქმნდეს, ის უნდა შეიცვალოს.

წინა ბლოგ პოსტში ვისაუბრე იმ პრობლემებზე, რაც არსებობს სტუდენტების წინაშე. ვისაუბრე იმაზე რომ 124 200 სტუდენტი საქართველოში მოკლებულია ჯანსაღი სტუდენტურ ცხოვრებას.

პრობლემის წამოჭრის შემდეგ (იხ. პოსტი), ვისაუბროთ რა მიზნები უნდა ჰქონდეს სტუდენტურ ცხოვრებას.

სტუდენტური ცხოვრების სისტემა უნდა  ცდილობდეს მიაღწიოს ისეთ გარემოებას, სადაც თითოეულ სტუდენტს ექნება:

  1. განვითარების შესაძლებლობა
  2. უსაფრთხოებისს განცდა
  3. რელაქსაციის საშუალება

განვმარტავ, რას ვგულისხმობ თითოეულ ამ მიზანში.

  1. განვითარების შესაძლებლობა

თითოეული უნივერსიტეტი ორიენტირებულია შექმნას თანამედროვე სასწავლო გარემო: ბიბლიოთეკები, ლაბორატორიები, პრაკტიკული სწავლების კლინიკები და ა.შ.

თუმცა რა ხდება მაშინ როდესაც

  • სტუდენტების გარკვეული ნაწილი საჭიროებს დამატებით ინფრასტრუქტურას, რომელზეც უნივერსიტეტი არ ფიქრობს?
  • ან საჭიროებს საკუთარი იდეებისთვის მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას?
  • ან სტუდენტებს და ლექტორებს სურთ საინტერესო კვლევა/ ტრენინგი/კონფერენცია განახორციელონ?
  • ან თუნდაც ბიზნეს იდეისთვის საჭიროა მცირედი ექსპერიმენტების განხორციელება?
  • ან სხვა მრავალი რამ განვითარებისთვის;

2. უსაფრთხოების განცდა

სტუდენტები არ უნდა განიცდიდნენ შიშს, რომ უნივერსიტეტში შეიძლება შეიცვალოს წესები მათ წინააღმდეგ, თან ისე რომ მათი აზრიც კი არ უკითხავთ – სწორედ ეს არის უსაფრთხოების განცდა. უნივერსიტეტი უნდა იმართებოდეს სტუდენტების თანამონაწილეობით, მათი აზრის მოსმენითა და ინტერესების დაცვით.

3. რელაქსაციის საშუალება

დატვირთული სასწავლო პროცესის მიღმა იმალება სტუდენტისთვის უმნიშვნელოვანესი გართობის ნაწილი, ჰობი, კულტურა და სპორტი, ბევრი სხვა რამე. თუმცა ეს სტუდენტის და საერთო ინტერესების მქონე სტუდენტების ინიციატივაა და არა უნივერსიტეტის კარნახი – ეხლა ყველა მივდივართ ექსკურსიაზე იქ და არა აქ, ან ექსკურსიაზე და არა ლაშქრობაზე, ან თეატრი და არა კინო….

სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თვითონ მართონ საკუთარი ინტერესები, მეტი კომფორტის შესაქმნელად.

ამ მიზნების მისაღწევად, უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, უნდა არსებობდეს შესაძლებლობა სტუდენტების მიერ ჩამოყალიბდეს ორი სტრუქტურული ერთეული:

  1. სტუდენტური თვითმმართველობა  (მუხლი 45)
  2. სტუდენტური ორგანიზაციები (მუხლი 43)

სტუდენტური ორგანიზაციების უფლებამოსილებაა სწორედ სტუდენტების კონკრეტული ჯგუფების მიერ საკუთარი ინტერესების განხორციელება, როგორიცაა

  • რელაქსაციის მიზნის მიღწევა – განახოციელოს გასართობი, სპორტული, კულტურული, შემეცნებითი აქტივობები;
  • ასევე განვითარების შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება – დაგეგმოს ტრენინგები, კონფერენციები, ჩაატაროს კვლევა; წამოიწყოს საკუთარი სტარტაპი; მოაწყოს შეხვედრები წარმატებულ ადამიანებთან;
  • განახორციელოს ნებისმიერი ის პროექტი, რომელიც სტუდენტების კონკრეტულ ჯგუფს ესაჭიროება;

სტუდენტური თვითმმართველობების უფლებამოსილება კი კანონით განსაზღვრულ 5 საკითხს მოიცავს (მუხლი 45, მე-3-ს მიხედვით):

  1. უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში;
  2. ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას;
  3. ირჩევს წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში;
  4. უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს;
  5. განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

იქიდან გამომდინარე, რომ კანონი მხოლოდ ამ ჩარჩოებს აწესებს, თვითმმართველობაში მოსულმა სტუდენტების მცირე ჯგუფებმა გამოიყენეს ზოგადი ჩანაწერი: “განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს” და საკუთარ დებულებაში ჩაწერეს ყველაფერი ის რაც მათ ინტერესებში დგას.

რა მდგომარეობაა საქართველოს უმრავლეს უნივერსიტეტებში სტუდენტური ცხოვრების სისტემის მიმართულებით?! ზევით ჩამოთვლილი მიზნებიდან “სასურველი”  ნაწილი აირჩია და გაწერა საკუთარ დებულებაში თვითმმართველობებმა, კერძოდ განვითარების შესაძლებლობები, რელაქსაციის საშუალებები და თვითონ ახორციელებს ამ მიმართულებით პროექტებს.

რაც შეეხება სტუდენებტების უფლებების დაცვას, უნივერსიტეტის მმართველ ორგანოებში აქტიურ მონაწილეობას და სტუდენტების ინტერესების დაცვას ეს ნაწილი ყველაზე ნაკლებად აქვთ გათავისებული.

პარალელურად სტუდენტურ ორგანიზაციებს მხოლოდ არსებობის უფლება დარჩათ, ანუ არავითარი შესაძლებლობა განვითარების და გააქტიურების.

უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის გამოყოფილ რესურსებს სრულად აკონტროლებს სტუდენტური თვითმმართველობა.

სწორედ აქედან, ჩემი და არა მხოლოდ ჩემი, სტუდენტების საკმაოდ დიდი ნაწილის სურვილია რომ უნივერსიტეტის თვითმმართველობის უფლებამოსილებები შეიცვალოს.

P.S. დიახ, სტუდენტური თვითმმართველობა არ უნდა გაუქმნდეს, ის უნდა შეიცვალოს.

მათ აქვთ უმნიშვნელოვანესი ამოცანა: დაიცვან სტუდენტების უფლებები უნივერსიტეტის მართვის ორგანოებში, გაატარონ მათი ინტერესები და იზრუნონ მეტი შესაძლებლობების შექმნაზე.

  • კანონიდან უნდა მოხდეს 45-ე მუხლის მე-3 საკითხის კონკრეტიზაცია – თვითმმართველობას არ უნდა ჰქონდეს ყველაფრის უფლება, რასაც თვითონ გაწერენ დებულებაში!
  • ასევე მათ უნდა გაუუქმდეს სტუდენტებისთვის გამოყოფილ რესურსებზე ერთპიროვნული მართვის უფლება.
  • ასევე 43-ე მუხლში უნდა ჩაიწეროს სტუდენტებისთვის და სტუდენტური ორგანიზაციებისთვის უფლება რესურსებზე წვდომის თანასწორი შესაძლებლობების არსებობის შესახებ – იქნება ეს სტუდენტური ფონდი, სტუდენტური სერვისი თუ რამე სხვა ფორმა.

ჩემი აზრით, თვითმმართველობა საერთოდ უნდა ჩამოშორდეს სტუდენტურ ბიუჯეტს და ფინანსები მთლიანად სამართლიანი კონკურსების სახით გადანაწილდეს სტუდენტებსა და სტუდენტურ ორგანიზაციებს შორის.

სტრუქტურების და მეთოდების შესახებ ვისაუბრებ შემდეგ ბლოგპოსტებში. მანამდე კი შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები დატოვოთ კომენტარების სახით.